4 ოქტომბრის და ბოიკოტის შემოქმედებთან საერთო არ გვაქვს. ამ პარტიებთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სახელმწიფოს ემსახურებოდნენ.
„ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ჩვენი წარსული, როგორც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრობა. ჩვენი გუნდი იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სახელმწიფოს ემსახურებოდნენ. „ნაცებს“ წარსულზე საუბარს ნამდვილად არ ვურჩევ, მით უმეტეს, ჩვენთან. ნამდვილად ერთი დნმ-ის წარმომადგენლები არიან. ღიმილის მომგვრელია, ეს პარტიები უკვე იმდენჯერ დაიშალნენ და გაერთიანდნენ. 4 ოქტომბრის, პროვოკაციული, რევოლუციური სცენარების ავტორები და შემოქმედები არიან. ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და დაარწმუნეს, რომ ხელისუფლების რევოლუციური სცენარით შეცვლის საშუალება ჰქონდათ, შემდეგ კი, დაიმალნენ და სახლში ელოდებოდნენ, 4 ოქტომბრის აქცია რით დასრულდებოდა. 4 ოქტომბრის და ბოიკოტის შემოქმედებთან საერთო არ გვაქვს. ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებზეც გააძლიერეს და მარტო დატოვეს, დღეს კი, მორალს გვიკითხავენ და საღ აზრზე საუბრობენ. ამ პარტიებთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. წარსულის შეხსენებისას ღიზიანდებიან, რადგან იციან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს ლიდერები მათი წარსულის გამო მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“ მაშველი რგოლია. რეალურად, „ოცნების“ პროპაგანდისთვის საჭირო საქმეს აკეთებენ და ყოველ არჩევნებზე საჩუქარს უკეთებენ. შეიძლება, 4 ოქტომბერიც „ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღასრულა. შეიძლება, ეს გაერთიანებაც „ოცნების“ მიერ იყოს დაგეგმილი, რომელსაც ნიკა გვარამია და სხვა ლიდერები აღასრულებენ. წარსულზე კოპლექსები თუ აქვთ, ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.






