არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს სუსის განცხადება, სადაც კონკრეტული ფაქტებია დასახელებული და ეს ფაქტები, როგორც პრემიერ მინისტრმაც აღნიშნა, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ღიად განცხადებაში ითქვა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების თვალწინ განვითარდა მოვლენები, როდესაც მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს.
„დესტაბილიზაციის შესახებ როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ სუსის განცხადებას. რეალურად, ჩვენ თვალწინ განვითარდა თუ არა მოვლენები, როდესაც მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს?! საბედნიეროდ, ამან არ მიიღო ფართო გავრცელება, სამართალდამცავების პროფესიონალურმა მოქმედებებმა აღკვეთა ეს. წარმოიდგინეთ უფრო დიდი მასშტაბით შემოტევა, აგრესიული ქმედებების ორგანიზება, რასაც აშკარა წინაპირობა გააჩნია და ამაზე დაუფარავად საუბრობენ გინდა უკრაინიდან, გინდა თბილისიდან, ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე მესიჯები გამოიყენება. ეს ელემენტი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის სტატუსის არ მიცემა, უნდა გახდეს ერთ ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ პროცესის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.