"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიდუბეშიც მოხდა ფაქტი, როდესაც "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა, რადგან საბურთალოს რაიონში იყო დამკვირვებლად დარეგისტრირებული, პარტია "ლელოს" მხრიდან.

მისივე თქმით, უმრავლესობა მოითხოვს, რომ საარჩევნო დარღვევების შესახებ ფაქტები დეტალურად იქნას შესწავლილი.

"ასეთი ფაქტი დიდუბეშიც მოხდა - ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მივიდა ხმის მისაცემად და რომელსაც უთხრეს, რომ იგი "ლელოს" მიერ ჩასმულია საბურთალოს რაიონში როგორც კომისიის წევრი და რასაკვირველია, იქ უნდა მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ასეთი შემთხვევები იყო.

გადასატან ყუთებთან დაკავშირებით უნამუსოდ მოიქცნენ. ყველა ღონე იხმარეს, მათ შორის, დაძაბულობის პროვოცირება. ჩვენ გვინდა, რომ ნებისმიერი დარღვევა უბნებზე, რაზედაც ლაპარაკობს ოპოზიცია, რაზეც ლაპარაკობს უმრავლესობის წარმომადგენლები, დეტალურად იქნეს გაანალიზებული, თუ საჭიროა, გამოძიებული და თუ საჭიროა, შესაბამისი სასჯელებიც დაწესდეს კონკრეტული პირების მიმართ," - აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს.