ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს ისეთი თანხა, რამაც საქართველოს ინტერესები შეიძლება გადაწონოს, დე ფაქტოდ დაყადაღებულ თანხებთან დაკავშირებით მის ნათქვამს სხვაგვარი ინტერპრეტაცია ვერ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა.
„ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება, სასაუბროდ დაჯდე მაშინ, როდესაც შენი ფინანსური რესურსი დე ფაქტოდ დაყადაღებულია, რათა არავინ ჩათვალოს, რომ ფულზეა საუბარი და ფულის საკითხის განხილვა მიდის, რომ არავინ ფულზე ლაპარაკი არ დაუშვას. ბიძინა ივანიშვილმა თქვა ეს და გადმოთარგმნეთ ისე, რომ ვინმეს ფულის გამო არ შეხვდა. როდესაც ჩვენ შორის რაღაც თემაა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, არ შეიძლება, დავსხდეთ და სახელმწიფო ურთიერთობების საკითხებზე ვილაპარაკოთ, მაშინ როდესაც ჯიბეში გიდევს გარკვეული მექანიზმი, რითიც ზემოქმედებას ახდენ. მე და თქვენ თუ ერთმანეთს ვხვდებით და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვურთიერთობთ, ეს ვერასდროს შედგება, როდესაც თქვენ ისეთი თემა გაქვთ, რითიც ჩემზე გავლენის მოხდენის რესურსი გაგაჩნიათ. საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არათუ გაგრძელდება, არამედ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა“, – განაცხადა ვოლსკიმ.