თუ ძალიან „აბეზარი“ ოპოზიციონერი არ ხარ, შეგიძლია მარტივად მიაგნო, სად არის 100 საწარმო. მაგალითად, შეხვიდე ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, გადახვიდე შესაბამის ბმულზე და იქ აღმოაჩინო 100 და ბევრად უფრო მეტი - 300-ზე მეტი საწარმო, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 100 საწარმო ვერ აღმოაჩინა.
„ასევე შეგიძლია მიმართო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. არის ასეთი ფანტასტიკური პროექტი - „დანერგე მომავალი“, რომელიც დღესაც მოქმედებს. „მუსტანგით“ რომ დაგრიალებს სოფელ-სოფელ, შეგვიძლია მისამართები მივცეთ და იმავე „მუსტანგით“ მივიდეს და იქ დაელაპარაკოს ამ საწარმოების ხელმძღვანელებს, მუშებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლებამ ხელი გაუმართა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა, ამერიკული ფორდ მუსტანგით დაიწყო. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, სოფლებს ამ მანქანით ჩამოივლის და ამომრჩეველს მარშალის გეგმის შესახებ მოუყვება.