მხოლოდ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] ფიქრობენ და ზრუნავენ, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდეს. ამას ვინ გვეუბნება თანაც? - ნომერ პირველი გამყალბებლები მსოფლიოში, ეს ხომ სასწაულია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ეუთო/ოდირში დამკვირვებლების შესახებ გაგზავნილ წერილს.

„მთავრობა მიმართავს ეუთო/ოდირს იმისთვის, რომ გრძელვადიანი მისია ჩამობრძანდეს და ამას ჩვენ არჩევნებამდე თითქმის ათი თვით ადრე გავაკეთებთ. ეს აწყობს ხელისუფლებას, რათა ყველას დავანახოთ, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს თავისუფალ, დემოკრატიულ და გაწონასწორებულ ვითარებაში“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს. გარდა ამისა, „ნაცმოძრაობამ“ გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების გაგზავნის თხოვნით ეუთო/ოდირსაც მიმართა.

თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც დამტკიცდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე.