ვფიქრობ, არ არის სწორი გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდებოდეს როგორც ნებისმიერი სხვა საბიუჯეტო დაწესებულება, რადგან ამას თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია და ასეთი გათანაბრება არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს როდესაც აფინანსებს კანონის ხისტი მოთხოვნა, ნიშნავს, რომ მას პირდაპირ და უშუალოდ აფინანსებს საზოგადოება და ეს არ არის დამოკიდებული რომელიმე მთავრობის გადაწყვეტილებაზე.
„არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს საქართველოში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ საჭიროა, თუ არ არის საჭირო. ვინმე თუ ამ ჩემი წინადადების მეორე ნაწილს უჭერს მხარს, მგონია, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. დემოკრატია ასეთი ინსტიტუციის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გარანტია საზოგადოებისთვის, რომ მისი ხმა მიუკერძოებლად, შეულამაზებლად იქნება მოსმენილიც, გაგებულიც და ალბათ გათვალისწინებულიც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვსაუბრობთ. ამიტომ, მგონია, არ არის სწორი გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდებოდეს როგორც ნებისმიერი სხვა საბიუჯეტო დაწესებულება, რადგან ამას თავისი სპეციფიკა აქვს. ეს სპეციფიკა არის საყოველთაოდ ცნობილი და ასეთი გათანაბრება მგონია, არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აფინანსებს კანონის ხისტი მოთხოვნა, ეს ნიშნავს, რომ მას აფინანსებს პირდაპირ და უშუალოდ საზოგადოება და ეს არ არის დამოკიდებული რომელიმე მთავრობის გადაწყვეტილებაზე. ამ ცვლილებით, რომელიც ახლა შედის, ნორმა, რომელიც კანონის ძალით საზღვრავს და საზოგადოების სახელით საზღვრავს დაფინანსების მოდელს, იცვლება განსხვავებული მოდელით და ეს მოდელი პირდაპირ მიბმულია ნებაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მართლაც შეიძლება, იყოს საფრთხე საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული, აბსოლუტური დამოუკიდებლობისთვის, რისი მომხრეც ჩვენ ყველანი მგონია, ვართ. მათ შორის, იმედს ვიტოვებ, ჩვენი პარლამენტიც. რასაკვირველია, აქ ჩვენ არცერთს არ შეგვიძლია, გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, აზრი, წუხილი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც შეიძლება, იყოს საბოლოოდ მიღებული. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ამ ხმას გაიგებენ.
მე ვკითხულობდი კანონის დასაბუთების ნაწილს და რატომღაც თვალში მომხვდა ასეთი ფრაზა, რომ მიზანშეწონილი არ არის ან აღარ არის დაფინანსების ასეთი მოდელის არსებობა. მარტივი კითხვა შეიძლება, დასვას ნებისმიერმა ჩვენგანმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ. ეს თუ ყველგან მიზანშეწონილია, ჩვენთან რატომ არ არის მიზანშეწონილი. სად არის დასაბუთება, არგუმენტები ამ მსჯელობის გასამყარებლად. ვფიქრობ, დაფიქრება კიდევ მართებთ ჩვენს პარლამენტარებს მეორე და მესამე მოსმენის წინ, ისინი ჩვენ ავირჩიეთ და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ გადაწყვეტილებას გადახედავენ“, – აღნიშნა გია მურღულიამ.
მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რატომღაც არ ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების ხმა.
„ადამიანები, რომლებიც სულ თავისუფლებაზე, მიუკერძოებლობაზე საუბრობენ, ამ წუთას დუმილს არჩევენ. მინდა, ვთქვა, ეს გასაკვირია-მეთქი, მაგრამ არ ვამბობ, რადგან გასაკვირი არ არის. საზოგადოება მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. მე პირადად, სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილი ვარ „ქართული ოცნების“ კვოტით და მის ინტერესებს გამოვხატავ ჩვენს ტელევიზიაში. მისი ინტერესები, მისი გაძლიერება – ჩემთვის ეს პრობლემა ნაკლებად არის, მაგრამ მინდა, გაკვირვება გამოვთქვა იმის გამო, რომ ოპოზიცია ასეთი დიდი ერთსულოვნებით უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. ასევე მარტივი კითხვა მაქვს, ნუთუ ოპოზიცია ვერ ხვდება, რას უჭერს მხარს, როდესაც ასეთი წინადადება მისთვის ხდება მოსაწონზე კიდევ უფრო მეტი. მგონია, ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან ადვილად დაარქმევს სახელს“, – განაცხადა გია მურღულიამ.