ქვეყანაში ყველაფერ უბედურებასთან ერთად, საშინელი ინსტიტუციური დომხალია შექმნილი - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე მიხეილ სარჯველაძის მიერ გაკეთებულ შეფასებას:
"რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე რომ პასუხობს და საქართველოს სამიტზე არ მიწვევის თაობაზეც ის რომ აკეთებს კომენტარს, ამით ყველაფერი ნათქვამია…ქვეყანაში ყველაფერ უბედურებასთან ერთად, საშინელი ინსტიტუციური დომხალია შექმნილი.
რეალური ინსტიტუციური პასუხისმგებელი პირები სოროში ზიან. რამე რომ იყოს, კრემლიდან თვალები რომ გადაუბრიალონ, სათქმელი აქვთ - ეგ ჩვენი პოზიცია არ არის, დეპუტატის კერძო მოსაზრებააო. ჩვენ კი გვეუბნებიან - ა ბატონო, ხომ ვუპასუხეთ სარჯველაძის პირითო…კლასიკური მხდალი, უპრინციპო, ვირეშმაკული ვითომ პოლიტიკა…"
შეგახსენებთ: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია, ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“.