იქნება კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.
„კორუფციასთან ბრძოლა ამ ხელისუფლების პირობებში აბსურდია. ირაკლი კობახიძე არ არის მხედართმთავარი და არც ოფიცერი, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს არის მონოთეისტური რელიგიური ორგანიზაცია, სადაც თამაშის წესებს ერთი ადამიანი კარნახობს. იმ ადამიანისთვის კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ იმიტაციაა. მისთვის სახელმწიფოს მართვაში კორუფციის მექანიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, თუმცა მას უნდა რუსული მოდელის კორუფცია, როდესაც ეს ყველაფერი კონტროლირებადია და, ფაქტობრივად, ერთ სალაროზე მუშაობს. ადამიანს რომ ეტყვიან, შენ მილიონის მოპარვის უფლება გაქვს, მან უნდა მოიპაროს მილიონი და არა 10 მილიონი.
აქედან გამომდინარე, იქნება იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით და მეორეს მხრივ, საარჩევნოდაც გარკვეული ბონუსია იმიტომ, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი დააჯერონ, რომ რაღაცას ებრძვიან. ეს არის ამოცანა, თორემ ბიძინასთვის კორუფცია ჩვეულებრივი ამბავია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.