განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და კომიტეტის წევრებმა: ვლადიმერ ბოჟაძემ, ვლადიმერ კახაძემ და ლიკა შარტავამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან  და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს.

პარლამენტის წევრები 30-ე, 37-ე, 63-ე, 31-ე და 26-ე საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და  ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 30-ე საჯარო სკოლაში ჩუღურეთის რაიონში არსებულ თხუთმეტივე საჯარო სკოლის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა, სადაც სკოლებში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს.

„დღეს შეხვედრა გვქონდა დირექტორებთან, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელებთან და დავათვალიერეთ  ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც  რეაბილიტაცია მიმდინარეობს და არსებობს გარკვეული გამოწვევები. უკვე ტრადიციად ვაქციეთ, რომ საჭიროებებზე, ერთობლივი ძალისხმევით ვიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს, რათა ეს გამოწვევები დროულად დავძლიოთ. დღესაც, ჩუღურეთის რაიონში ვესტუმრეთ იმ  სკოლებს, სადაც მნიშვნელოვანია კონკრეტული მიმართულებებით საკითხების დროული გადაწყვეტა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სარემონტო საკითხებთან და სკოლებში ლაბორატორიების აღჭურვასთან დაკავშირებით, მათ შეუძლიათ მიმართონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და მათი მხრიდან მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება.

„მიმდინარე და მომდევნო თვეში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ თბილისის ყველა რაიონში შევხვდებით სკოლის დირექტორებს და გავეცნობით იმ გადაუდებელ საჭიროებებს, რომელთა გადაწყვეტაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, დაათვალიერეს 23-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-აღდგენითი პროცესი, რომლის პროექტირება 14 მილიონი ლარი დაჯდა.
„ძალიან მალე სკოლის ამ შენობაში ახალგარემონტებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვექნება. ჩვენ დღეს ვნახეთ რაიონის ყველა ის საჯარო სკოლა, სადაც აუცილებელია ინფრასტრუქტურის განახლება-აღდგენა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საჯარო სკოლები აღჭურვილი იქნას ინფრასტრუქტურულად“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.

კანონმდებლებთან ერთად, დღეს სკოლები დაათვალიერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი მოდებაძემ, მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ.