განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე  ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს.
საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


მომხსენებლის თქმით, 2025  წლის პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. ამავე პერიოდში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 1,7%-ის დონეზეა.
რაც შეეხება საგარეო სექტორს, პირველ კვარტალში, საქონლით საგარეო ვაჭრობამ  5 მილიარდ 618 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც  წინა წლის მაჩვენებელს  16,1%-ით აღემატება. აქედან ექსპორტი იყო 1 მილიარდ 401 მილიონი დოლარი,  ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა  4 მილიარდ 217 მილიონი დოლარი შეადგინა.
გიორგი კაკაურიძემ საგარეო სექტორზე საუბრისას ყურადღება ტურიზმის მიმართულებაზე გაამახვილა.
„ტურიზმის კუთხით გვაქვს მცირედი ზრდა, დაახლოებით 1,3%-ია ვიზიტორების კუთხით ზრდა. პირველ კვარტალში მილიონ 172 000 ვიზიტორი იყო საქართველოში.  რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 826 მილიონი დოლარი შეადგინა და 2,3%-ით აღემატება გასული წლის პირველ კვარტალს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებელმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით,  შემოსავლების სახით მიღებული იქნა 5 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილთან შედარებით 102.1%-ით არის შესრულებული.


გიორგი კაკაურიძემ განსაკუთრებული ყურადღება სამინისტროების ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმდინარე წლის პირველი კვარტალში 678 მილიონ ლარზე მეტი აქვს ათვისებული.

სხდომას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი გეგმის მიხედვით  მიმდინარეობს.

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.