პარტიული თუ საზოგადოებრივი კონსოლიდაცია მოითხოვს დროს - რა დროს სიების შექმნაა, ჯერ პოლიტიკური პროცესი უნდა შევქმნათ - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს ამ საერთო, მათ შორის, პარტიული კონსოლიდაციის პროცესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი გვქონდა, ჩვენ გვესმის, რომ პარტიული კოორდინაციის ხარისხი მოხერხდა ჩვენ სამ პარტიას შორის. თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, იქნება "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, თუმცა სტრუქტურული ერთობა მასთან არ განიხილება. პარტიული თუ საზოგადოებრივი კონსოლიდაცია მოითხოვს დროს. ამას აქვს ეტაპები. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე რომ რაღაც ელექტორალურ სიებზე ვისაუბროთ. რა დროს სიაა? პოლიტიკური პროცესი უნდა შევქმნათ, თავისუფალი ადამიანების სივრცე უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში, ეს არის ამოცანა. ამ ამოცანაზე ჩვენ ვაგრძელებთ, ძალიან ინტენსიურად ერთად მუშაობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარტიებშიც მოვახერხებთ ამ კონსოლიდაციას", - აღნიშნა ხოშტარიამ.