ელენე ხოშტარია: ლავროვის განცხადებების საფუძველი "ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომელიც ძირითადად დაკავებულია დასავლეთის, უკრაინის ლანძღვით - ამის შესახებ „დროას“ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"ჩვენ არავის გვიკვირს ლავროვის მხრიდან გაკეთებული არც არაადამიანური განცხადებები, არც ტერორისტული განცხადებები, არც ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ის სახელმწიფოა, ეს ის ხალხია, ვინც ცოცხლად წვავს ადამიანებს, ამიტომ გასაკვირი არა ლავროვის სიტყვებია, არამედ ყველაზე მეტად, რაც ალბათ, ყველას გულზე გვხვდება, გვაბრაზებს, ან გვაწუხებს არის ის, რომ ამ განცხადებების გაკეთების საფუძველი მათ მისცა ჩვენი პრემიერ მინისტრის, ამ ქვეყნის მთავრობაში მყოფი უმცირესობის, "ქართული ოცნების" პოლიტიკამ, რომელიც ძირითადად დაკავებული არის დასავლეთზე, უკრაინაზე თავდასხმით, დასავლეთის ელჩების ლანძღვით"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.