„გაუგონარი, რამ მოხდა ამერიკის პოლიტიკურ რეალობაში. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს და ამ დროს მთელმა კონგრესმა მოიცალა იმისათვის, რომ საქართველოს შესახებ მოსმენა გამართონ. იბადება კითხვა - რაიმე სხვა მიზანი ხომ არ ჰქონდა ამ მოსმენას?“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ როცა ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ აღიარებულია, რომ საქართველო ვითარდება ყველა მიმართულებით და დემოკრატიის განვითარების კუთხით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს, ამ დროს ევროკავშირისა და ამერიკის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ.
„კონგრესში გაკეთებული ყველა განცხადება იყო ტყუილი და მანიპულაციაზე აგებული,“ - აღნიშნა მან.
დეპუტატმა საქართველოში ომის რეალობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული წერილი საზოგადოების გაფრთხილება იყო.
„ხალხის ძალამ“ დღეს გამოაქვეყნა წერილი, რომელიც კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენას შეეხებოდა. ეს წერილი საზოგადოების ერთგვარი გაფრთხილებაა, რადგან ომის საფრთხე სავსებით რეალურია.
გაუგონარი, რამ მოხდა ამერიკის პოლიტიკურ რეალობაში. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს და ამ დროს მთელმა კონგრესმა მოიცალა იმისათვის, რომ საქართველოს შესახებ მოსმენა გამართონ. იბადება კითხვა - რაიმე სხვა მიზანი ხომ არ ჰქონდა ამ მოსმენას? მართლა აღელვებთ საქართველოს ბედი თუ რაიმე მესიჯის გაჟღერება სურთ, რომელიც აქაურ რადიკალურ ოპოზიციას დაეხმარება არეულობის მოწყობაში ან ხალხში აგრესიის გამოწვევაში? კონგრესში გაკეთებული ყველა განცხადება იყო ტყუილი და მანიპულაციაზე აგებული. იქ არ გაჟღერებულა არცერთი სამართლიანი განცხადება.
მოსმენაზე საუბარი ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რაც საქართველოსთვის მხოლოდ და მხოლოდ შარის მოდების მიზეზია და სხვა არაფერი. თავად ამერიკაში ლამის საუკუნეა ანალოგიური, ოღონდ გაცილებით უფრო მკაცრი კანონი არსებობს და მათ თავიანთ კანონთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვთ.
ერთ-ერთმა კონგრესმენმა კითხა მომხსენებელს: რით ამტკიცებთ, რომ საქართველოში მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსულიაო? გაგიკვირდებათ და პასუხი იყო ისევ ისეთი, როგორიც საქართველოში - იმიტომო.
რაც ყველაზე მეტად ნიშანდობლივია და რითაც მტკიცდება, რომ მთელი ეს რიტორიკა ყალბია და ცრუ ნარატივზეა აგებული, ის არის, რომ მიუთითებენ საქართველოში დემოკრატიის უკანდახევაზე. მოდი ახლა განვმარტოთ, რას ნიშნავს დემოკრატია. დემოკრატიის ინდიკატორებია: ადამიანის უფლებების და სამოქალაქო უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, პოლიტიკური თავისუფლება და ასე შემდეგ. ყველა ამ მიმართულებით საქართველო უკავია მოწინავე პოზიციები მსოფლიო მასშტაბით და რეგიონში არის ერთ-ერთი მოწინავე. წინ უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანასაც კი.
ყველა ამ ინდიკატორით მტკიცდება, რომ საქართველოში არათუ დემოკრატიის უკუსვლაა, პირიქით, ვხედავთ დემოკრატიის განმტკიცებას და გაძლიერებას. ეს რეიტინგები, ასევე მიუთითებს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს პროგრესი განუხრელად მიმდინარეობს და ჩავარდნები ამ მიმართულებით არ არის. ამ ყველაფრის ფონზე კი უცებ გამოდიან მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსები ევროკავშირის თუ ამერიკის მხრიდან და უტიფრად აცხადებენ, რომ საქართველოში სახეზეა დემოკრატიის უკუსვლა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.