„ეუთოს რეზოლუციის პროექტში მთელი რიგი შესწორებები შევიდა, რაშიც ჩვენმა დელეგაციამ დიდი ძალისხმევა გასწია. მათ იქ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ის ობიექტური ინფორმაცია, რაც რეალურად არსებობს“, - ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
ეკა სეფაშვილმა ისაუბრა ეუთოსა და მისი გენერალური მდივნის შეფასებებზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 40%, რომელიც ოპოზიციამ არჩევნებზე მოიპოვა, არ არის პატარა რიცხვი, შესაბამისად, მათ შეეძლოთ ეს მანდატი თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად გამოეყენებინათ, თუმცა უარი თქვეს, რადგან ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა სურთ.
„ეუთოს რეზოლუციის პროექტში მთელი რიგი შესწორებები შევიდა, რაშიც დიდი ძალისხმევა გასწია ჩვენმა დელეგაციამ, რომლითაც იქ წარმოდგენილი იყო საქართველო. ამ რეზოლუციის დამატებებში იყო მთელი რიგი უზუსტობები და რა თქმა უნდა, დებატების განმავლობაში იყო მცდელობები, რომ საქართველოს რეპუტაციისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ და ცრუ ინფორმაცია გაევრცელებინათ იქ დამსწრე საზოგადოებაში, თუმცა, ჩვენი დელეგაციის თითოეულმა წევრმა ისარგებლა შემთხვევით და საზოგადოებას მიაწოდა ის ობიექტური ინფორმაცია, რაც რეალურად არსებობს. ასევე, არაერთგზის მოუწოდეს იქ დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის, მათ ვინც ამ ცრუ ნარატივს ავრცელებდა, რომ ფაქტები და მტკიცებულებები წარმოედგინათ, რაც მათი ნათქვამის სისწორეს დაადასტურებდა. თუმცა, ამ ფაქტების წარდგენა, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხდა. რაც შეეხება ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს განცხადებას, ის არ არის ერთ-ერთი რიგითი პოლიტიკოსი, არამედ, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მან რამდენიმე თვის წინ, როცა საქართველოში ვიზიტით იყო, პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა ეუთოს პრინციპების დაცვისადმი.
ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2024 წლის ოქტომბერში დადებითი დასკვნა დადო საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ. არჩევნების დასრულების შემდეგ, შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ვერავითარი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მათ, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, ჩატარდა კონკურენციულ გარემოში და არჩევნების შედეგებმა ასახა ქართველი ხალხის ნება.
ასევე, აღსანიშნავია ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელის მიხედვითაც ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ უარი თქვეს თავიანთი ამომრჩევლის ნებაზე, ყოფილიყვნენ პარლამენტში. 40% არ არის პატარა რიცხვი დღევანდელ პარლამენტში და რა თქმა უნდა, ოპოზიციას შეეძლო ეს მანდატი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად გამოეყენებინა. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს, რადგან არ აინტერესებთ საპარლამენტო პოლიტიკური ცხოვრება, არამედ, მათ ინტერსშია საქართველოს ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა და პოლიტიკური თუ სხვა კრიზისების შექმნა ქვეყანაში. საქართველოში უსისხლოს რევოლუცია არ მოხდება, რადგან ოპოზიციური სპექტრი ფრიად რეპუტაცია შელახულია“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.