როდესაც უმრავლესობა ამბობს, რეგისტრაციას არ გავივლით, კენჭისყრას ჩავაგდებთ და კომისიის შექმნის უფლებას არ მოგცემთ, ეს „კლანთან“ ალიანსის პირდაპირი მტკიცებულებაა , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს თვალს ვადევნებთ როგორ გარბის პარლამენტის დარბაზიდან უმრავლესობა იმის ნაცვლად, რომ თვალი გაუსწორონ ღია კითხვებს. იმის ნაცვლად, რომ თქვას, პრობლემაა სასამართლოში? - მოდით დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ და გავერკვიოთ, რათა მთლიანად სისტემა არ დადგეს ნდობის თვალსაზრისით დარტყმის ქვეშ. ამის ნაცვლად ვხედავთ, როგორ გარბიან დარბაზიდან. ეს არის პირველ რიგში შიში იმისა, რომ ღიად გაჩნდება ყველა ის მძიმე თემა, რომელიც უკავშირდება კლანურ მმართველობას. მათ შორის ახლაც ჩანს ღია ალიანსი, ღია კავშირი მმართველ პარტიასა და სასამართლოს შორის. მათი დამოკიდებულება, ერთმანეთს როგორ გადაეფარნენ, როგორ იცავენ, ყველაზე ცუდი მაგალითია იმისა, როგორ შეეზარდა ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს. სამივე შტო დღეს არის ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.