"ხალხის ძალის" გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა იარაღის მოწოდებასა და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებასთან დაკავშირებით, ქუჩის წახალისებას უფრო ჰგავს, ვიდრე - საქართველოს მიმართ კეთილგანწყობას.
„მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს რომ „მუშტრის" თვალით უყურებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია. იარაღის მოწოდებასა და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე - საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის.
ქუჩა შეთხელდა და თამასამაც აიწია. კარგი ხმაურისთვის ვიზას ჰპირდებიან ქუჩას, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი გამჭვირვალობისთვის - სანქციებს. სანქციები ისევე ვერ მოიტანს შედეგს, როგორც - გაუმჭვირვალობა. ყველაფერი რომ გამჭვირვალე იყოს, ეს კანონიც არ იქნებოდა საჭირო, თუმცა, ამაზე საუბარიც კი აუკრძალეს საზოგადოებას და თავადაც არ კითხულობენ, რატომ გახდა ის საჭირო.
პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვენ და ქუჩის აურზაურს ხელს უწყობენ. იმას, რასაც დღეს დაპირებად გვაწვდიან, აქამდეც უკვე რეალურად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ომისა და რევოლუციის, მორჩილებისა და ფასეულობების სანაცვლოდ.
რაც შეეხება არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნას, მმართველი გუნდი ამ პირობით თუ ამ პირობების გარეშე, ისედაც გამჭვირვალედ აპირებს საარჩევნო პროცესის წარმართვას, მთავარია, გარე ჩარევებისაგან დავიცვათ ქვეყანა. ხელისუფლება მზად არის თანასწორუფლებიანი და გულწრფელი პარტნიორობისთვის.“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.