ჩემთვის, როგორც პარტია "ლელოს“ დამფუძნებლისთვის, მისი პოლიტსაბჭოს წევრისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო და არის პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ვყოფილიყავით დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი. ეს წლები ჩვენი გუნდი სწორედ ამ გზის და ამ ღირებულებების ერთგულია, რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა. - ამის შესახებ დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს. 

"სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.

ვფიქრობ, "ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.

შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია.

ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს - საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!ბრძოლა გამარჯვებამდე!" - წერს დეა მეტრეველი "ფეისბუკში".

ცნობისთვის,  საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს

მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს