„ლელოს“ გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, ვაფასებ „ლელოურად“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით,  მამუკა ხაზარაძე იბრძვის საპატიო მეორე ადგილისთვის და ეს ასე უნდა მომხდარიყო.

„მოგეხსენებათ, „ლელო“ და მისი დაფინანსებული „ტვ პირველი“ თავიდანვე იყო იმ ხალხის მაწყევართა რიგში, ვინც არჩევნებში ვაპირებდით მონაწილეობას. მე ახლა უბრალოდ ის მაინტერესებს, როგორ შეცვლიან ჭიკჭიკს „ტვ პირველის“ და „ლელოს“ მხრიდან მოსყიდული სხვა ჟურნალისტები იმის სასარგებლოდ, რომ თავიდანვე იყვნენ არჩევნებში შესვლის მომხრე. დანარჩენი, ყველაფერი თავისთავად ცხადია. ბატონი ხაზარაძე იბრძვის საპატიო მეორე ადგილისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ბუნებრივია, ეს ასე უნდა მომხდარიყო და არა სხვაგვარად. მგონი, „ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნების მერე ნამდვილად იქნება გადაშენების პირას მყოფი პარტია, მათ არ ეყოლებათ არც საკრებულოებში, არც პარლამენტში და არც სადმე სხვაგან საკუთარი წარმომადგენლები. არ ექნებათ დიდი წითელი ხუთიანი და შესაბამისად, ალბათ ბოლო პოლიტიკურ ნაბიჯს ერთმანეთის ლანძღვაში და ჩხუბში ხარჯავენ, რაც, ცხადია, ბუნებრივი იყო, რადგან ასე თუ გაგრძელდებოდა უიდეოდ 4,5,9,25-ის ყვირილი, ისინი ერთმანეთში საბოლოო ჯამში იჩხუბებდნენ. ამ ჩხუბს ვუყურებთ ახლა ჩვენ. „ლელოს“ გადაწყვეტილებას არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად, „ლელოურად“ ვაფასებ. ჩვენ ვიდრე „ლელოს“ ეს აზრი თავში გაუჩნდებოდა, დიდი ხნით ადრე ვამბობდით, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა ერთიანი კანდიდატით, „ქოცების“ დასამარცხებლად და არა ისე ლელოურად, როგორც ახლა ხდება – ჯერ აგინო ხალხს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მერე თვითონ მიიღო მონაწილეობა და ხალხს მოუწოდო, რომ სხვანაირად ქცევა არასწორია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.