არსებობს სასჯელი გადავადების საშუალება და ასევე არსებობს გათავისუფლების საშუალება. ამ შემთხვევაში არავინ ითხოვს უცებ გათავისუფლებას , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში, მოხდეს მისი რეაბილიტაცია, მკურნალობა და შემდეგ უკვე გადაწყვიტოს სასამართლომ, ეს იქნება სასჯელის გადავადების ფორმით თუ სხვა გზით. მე, როგორც ოჯახის წევრს, არ მაინტერესებს ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ღრმად ჩახედული იმაში, თუ რა გზა შეიძლება გამოინახოს ამისთვის, რადგან თავად იურისტი გახლავართ.
ნუ ვეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს და ცეცხლს. არავის არაფერი შერჩება - მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეხება მიშას ჯანმრთელობის ამბავი. მივმართავ მოსამართლეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აქამდე რამდენჯერმე მივმართეთ, იუსტიციის მინისტრს - ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს. ასე არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენმა ოჯახებმა და შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც იქნება ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცული. რაღაც ახალ გამოგონებაზე არ ვსაუბრობთ - ყველაფერი სახეზეა, მისი მდგომარეობა ყველამ ვიცით. სირცხვილია ის ინსინუაციები, თითქოს ეს არის სიმულაცია და ტყუილი“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.