„ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონის“ საუკეთესო ტრადიციებში, შარლ მიშელმა - 2030 წლამდე გაფართოებაზე არც იოცნებოთო. როგორც ჩანს, მედვედევს ბრიუსელშიც კითხულობენ:„თუკი დასავლეთი საქართველოში გააქტიურდება, სოხუმსა და ცხინვალს რუსეთის შემადგენლობაში შევიყვანთო“. და აჰა, „მეტი რით დაგეხმაროთ“ კონტექსტში, შარლ მიშელმა დმიტრი ანატოლიევიჩს უპასუხა: არ ვიაქტიურებთ, არ მოახდინო ანექსიაო!“ - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას.

„გავეცანი ზედაზედ სამი სპიკერის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებით. პირველი - ოპოზიციის მედიარუპორს, ნიკა გვარამიას ეკუთვნის: არა უშავს, რომ უახლოეს პერსპექტივაში არ მიგვიღებენ, მთავარია, შესაძლებლობის ფანჯარა არ იხურებაო. ანუ ახალი პოლიტიკური ტერმინი შემოიღო - თუ NATO-სთან მიმართებით ღია კარში „საპატიო“ ადგილას ვიჟანგებით, რაკი კარები დაკავებულია, EU-მ ფანჯარა გაგვიღო. თუმცა, გვარამიას ვარაუდით, სტატუსი მაინც არ მოგვეცემა.

მეორე მოსაზრება ეკუთვნის საქართველოს საკითხებში აწ უკვე „საპატიო ვანგას“, ჟურნალისტს, რიკარდ იოზვიაკს, რაც პირადად ჩემ მიერ არაერთხელ გამოთქმულ ვარაუდს ემთხვევა: კი მოგვცემენ ამ სტატუსს, მაგრამ არანაკლები ისეთი ახალი დათქმების თანხლებით, როგორც, მაგალითად, უკრაინამ რომ NATO-ში გასაწევრიანებლად მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი უნდა ჩაატაროს.

განცხადება მესამე: „ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონის“ საუკეთესო ტრადიციებში, შარლ მიშელმა - 2030 წლამდე გაფართოებაზე არც იოცნებოთო. როგორც ჩანს, მედვედევს ბრიუსელშიც კითხულობენ:„თუკი დასავლეთი საქართველოში გააქტიურდება, სოხუმსა და ცხინვალს რუსეთის შემადგენლობაში შევიყვანთო“. და აჰა, „მეტი რით დაგეხმაროთ“ კონტექსტში, შარლ მიშელმა დმიტრი ანატოლიევიჩს უპასუხა: არ ვიაქტიურებთ, არ მოახდინო ანექსიაო!

გასარკვევი მხოლოდ ორი რამ არის: ხდება თუ არა შარლ მიშელი ავტომატურად „რუსეთუმე“, ვინაიდან ასეთი პრორუსული საჩუქარი მედვედევს არც კი დაესიზმრებოდა, და, მით უმეტეს, რა დონის ევროსკეპტიციზმის მაპროვოცირებელია იგი ქართული საზოგადოებისთვის; და მეორე, რამდენად დამაზიანებელია ჩვენთვის ეს დამატებითი „ორპირი“ - ამჯერად უკვე ღია ფანჯრიდან მომდინარე. გაუძლებს კი ამდენს დასუსტებული ქართული „ფილტვი“?! აიკიდებს თუ არა ლეტალურ „პნევმონიას“?! - ამას 2030 წლის დადგომა აღარ უნდა, გაცილებით უფრო მალე გავიგებთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.