საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილი ეყრდნობა მათ შორის ბიძინა ივანიშვილის საადვოკატო გუნდის გუშინდელ ვრცელ განცხადებას. ორივე წერილი მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ძალზე ფართო ასპექტებს - მე მინდა მხოლოდ ერთს შევეხო: ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს. განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ამ პერსპექტივების განხორციელებას ჰყავს ორი ვერაგი, დაუნდობელი და ძლიერი მოწინააღმდეგე - „გლობალური ომის პარტია“, ანუ საერთაშორისო აგენტოკრატია და მათი დასუსტებული ადგილობრივი ლაქიები - „ლოკალური ომის პარტიის“ სახით.
ამ ქართველოფობთა ერთობლივი ძალისხმევით, 2004 წლის დასაწყისიდან საქართველომ დაკარგა დე-ფაქტო დალაგებული ურთიერთობები სამაჩაბლოსთან, ხოლო 2008 წელს - აგენტოკრატების პირდაპირი მითითებით და ორგანიზებით, სამაჩაბლოც და აფხაზეთიც რუსეთის მიერ დე-იურე დაკანონებული ოკუპაციის ქვეშ მოხვდნენ. გარდა იმისა, რომ ამ ომში მილიარდობით სარგებელი იშოვეს აგენტოკრატების ლაქიებმა, მათ ლიდერმა სააკაშვილმა, სარკოზი-მედვედევის შეთანხმებიდან ჯერ მეშვიდე პუნქტი ამოიღო, რომელიც ითვალისწინებდა ქართული რეგიონების შემდგომი სტატუსის საკითხის მხოლოდ საერთაშორისო კონსენსუსის გზით გადაწყვეტას, ხოლო ერთ თვეში - რუსეთთან ომის დაწყებაც ქართველ ჯარისკაცებს ოფიციალურად გადააბრალა.
მას შემდეგ ამ ლაქიების იდეოლოგების - თუნდაც ძმებ ბერძენიშვილების მხრიდან, არ შეჩერებულა კამპანია, რომელსაც უნდა დაეჯერა ძირითადად ახალგაზრდა თაობები, რომ არც ცხინვალი და არც სოხუმი - „თლა“ საქართველო არც არასდროს ყოფილა. მათ მხარი აუბეს „გლობალური ომის პარტიის“ ძირითადმა სოციოლოგიურმა მკვლევარებმა, რომელთა გამოკითხვის შედეგებით (უკანასკნელი NDI-მ ჩაატარა 2022 წლის ნოემბერში) - დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აინტერესებს გამოკითხულთა მხოლოდ 21 პროცენტს. მიმდინარეობს ამ თემატიკის ირგვლივ საქართველოს მოსახლეობაზე არნახული საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა! გამოდის, რომ საქართველოში 85 პროცენტს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი აღელვებს, ხოლო დაახლოვებით იგივე რაოდენობას სოხუმიც და ცხინვალიც - დავიწყებული აქვს!!!
2008 წლის ომმა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კიდევ ერთხელ აქცია საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირებად, ლაქიების გამდიდრების ფონზე დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულე, რომლებზეც სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2006 წელს ჩაატარა თავისი ვერაგული ექსპერიმენტი, რამაც რუსეთში მცხოვრები ქართველები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
დღეს საქართველოს ნებისმიერი მცდელობა, მისი ხელისუფლების და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მიერ გაკეთებული განცხადება, მიმართული აფხაზების, ოსების თუ რუსეთში მცხოვრები ქართველების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე - გაშმაგებულ გაღიზიანებასა და აღშფოთებას იწვევს ადგილობრივი უ-სამშობლო ლაქიებში და მათ საერთაშორისო აგენტოკრატებში. არცერთი (!) რეზოლუცია არ გვახსოვს, რომელიც წაახალისებდა ხელისუფლების სამშვიდობო გეგმებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ, პირიქით! სწორედ ამ ეროვნული სულისკვეთების, ამ სამშვიდობო კურსის გამო - გვსჯიან! გვემუქრებიან სანქციებით და გვაშანტაჟებენ ფარატინა სტატუსად ქცეული პერსპექტივით - რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპული უსამართლობის სავიზიტო ბარათად იქცა!
პირველები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებს გააპროტესტებენ, ამისთვის სანქციებს დაგვიწესებენ და შეეცდებიან ამ პროცესებს ხელი შეუშალონ: შიდაპოლიტიკური გადატრიალების პროვოცირებით თუ სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით სამხედრო კონფლიქტის ინსპირირებით - ამერიკელები იქნებიან! ამერიკელები, მათი ევროპელი აგენტები და ადგილობრივი ლაქიები! ნუთუ ამ პოლიტიკურ ეშმაკეულთა ხროვამ ან ხელი უნდა შეგვიშალოს ჩვენს ეროვნულ და ღვთივკურთხეულ მისწრაფებებში ან შეგვაშინოს - ამ პროცესებში ნებისმიერი, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში? გა-მო-რიც-ხუ-ლი-ა!“, - წერს დავით ქართველიშვილი.