ლაქიაობა, როგორც უცხოეთიდან კონტროლირებადი მმართველობის ფორმა, საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება, - ასე ეხმაურება დავით ქართველიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას. 

"ხალხის ძალის“ წევრი „ნაცმოძრაობის“ წევრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მანდატებზე უარის თქმის საკითხს „უცხოელი პარტნიორების შეფასებების“ მიხედვით გადაწყვეტენ, აგენტოკრატების ლაქიებს უწოდებს. 
„დღე არ გადის, „აგენტოკრატების“ მონობაში მყოფი წრეებიდან აღიარებითი ჩვენება რომ არ მივიღოთ, ოღონდ არა „აგენტების“, ვინაიდან ეს წოდებაც მებრალება მათთვის, არამედ აგენტოკრატების ლაქიების მხრიდან - ამ უსამშობლო, გან-ქართველებული და გენმოდიფიცირებული ბიომასის წიაღიდან, რომელმაც საბოლოო გადაგვარება და გან-სულიერება სამწუხაროდ მოასწრო ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში.


დააკვირდით ამ ლაქიების ერთ-ერთი არა რიგითი, არამედ დეპუტატ-გენერლის დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც ამ ლაქიების კრებსით მოსაზრებას ახმოვანებს: „ამ ეტაპზე, ჩვენ ვწყვეტთ პარლამენტში მუშაობას, ხოლო მომავალში ჩვენ შეიძლება უფრო მძიმე გადაწყვეტილება მივიღოთ და მანდატებზე ვთქვათ უარი - გააჩნია, ამას როგორ შეაფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები“.


არა ჩვენი სახელმწიფო, რომელმაც პარტიად გაღიარა და არც დაგხურა, როგორც ამას უპრაგონოდ აკეთებენ „დემოკრატიულ“ უკრაინაში; არა ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ყოველწლიურად ერთ თეთრს არ გაკლებს იმ საბიუჯეტო მრავალმილიონიანი პარტიული დაფინანსებიდან; არა ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც საშუალებას გაძლევს, მონაწილეობა მიიღო „კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში“; და რაც მთავარია - არც შენი საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც გენდო, აგირჩია და ის მანდატი მოგანიჭა, რომელსაც შენ იმიტომ არ იმსახურებ, რომ შენთვის, ლაქიასთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შენს სალაქიო ქმედებას როგორ შეაფასებს შენი უცხოელი პატრონი-აგენტოკრატი.


ვერავინ ვერ შეძლებდა თქვენთვის იმაზე ზუსტი განმარტების მოძებნას, რომელიც თავად თქვენ მოუძებნეთ საკუთარ თავს და ყოველდღიურად ამტკიცებთ ამას მსგავსი აღიარებითი ჩვენებებით. თქვენ წარმოადგენთ აგენტოკრატების ლაქიებს. ლაქიაობა - როგორც უცხოეთიდან კონტროლირებადი მმართველობის ფორმა, აღარასდროს დაბრუნდება საქართველოში. საყვარელი პატრონის „ჩექმის ლოკვით“ ლაქიები აწი სხვა ადგილებში უნდა დაკავდნენ. ხოლო მათგან გამოთავისუფლებული პოლიტიკური ველი აუთვისებელი არ დარჩება, მათ შორის - მათივე მოტყუებული და მრავალგზის „გადაგდებული“ ამომრჩევლისთვის.


ამ ლაქიების ფონზე, რეალურ „აგენტებს“ მხოლოდ სააკაშვილი და კეზერაშვილი წარმოადგენენ, რომლებიც აგენტოკრატებსა და ლაქიებს შორის შუამავალი „ბანკომატების“ ფუნქციებს ასრულებენ და მხოლოდ ამ იპოსტასში აინტერესებენ მათ, მაგრამ ამ დაფინანსების პირობებშიც კი, რამდენად ეფექტურია მათი „ლაშქარ-ლაქიაობა“, რომელმაც უკვე მერამდენე გადამწყვეტ ფაზაში გამოაცხადა სრულიად საქართველოს ქალაქებისა და სოფლების „აფეთქება“, ამაზე ყველაზე კარგად სასამართლოსთან, კანცელარიასთან თუ პრემიერის სახლთან „თვითდინებით მოზღვავებული“ ლაქიების მოკრძალებული რაოდენობა მეტყველებს“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.