ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ისინი არჩეული ხელისუფლება არიან.
„ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ. ეს ტრადიცია მოსდევს „ნაციონალურ მოძრაობას“ - წაგებული ომის გამარჯვებულად გამოცხადება და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ავლენს უდიდეს უვიცობას სამართლებრივ საკითხებში, როდესაც საუბრობს საარჩევნო სიების ჩახსნაზე და ასე შემდეგ.
„ჩაიხედონ კანონმდებლობაში და გაიგებენ, არ უნდა ეს პოპულისტური და პიარსვლებით ვიღაცების გულის მოგება. ეს ვიღაცები რეალურად მათი ამომრჩეველია, მათი ელექტორატია, რომელმაც საკუთარი ნდობა გადასცა ამ რადიკალურ ოპოზიციას. ახლა რამდენად მისაცემი იყო მათთვის ნდობის ეს ხარისხი ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ადამიანებმა ხმა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს იმ დაბალი პროცენტით, მაგრამ მაინც. ამ ხმის მიცემაში რა იგულისხმება, რომ ისინი უნდა შებრძანდნენ პარლამენტში და შეასრულონ იმ ოპოზიციონერის პოლიტიკური ვალდებულებები, რომელიც რეალურად არსებობს საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, მაგრამ მათ ეს არ სურთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.