განხილვების დროს მინისტრის მოადგილემ ძალიან სამწუხარო სტატისტიკა წარმოადგინა - აღმოჩნდა, რომ ცივი იარაღით ხდება ძალიან ბევრი დანაშაულის ჩადენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„შსს-ს, როგორც პირველ უწყებას, რომელიც პრევენციულად პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში დანაშაული არ მოხდეს და რა თქმა უნდა ევალება კიდეც შეიმუშაოს ისეთი მიდგომები, რომელიც მოახდენს საზოგადოებაში ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის აღკვეთას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. 1-ელი იანვრიდან ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.
კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებისა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.