მერვე წელია, საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ახსოვთ, ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიპარვოდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე ფიზიკურ შეურაცხყოფას.
„მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს და ხმა, კრინტი არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი რამ გაგიგიათ?! ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ?! მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ რამე, გვითხარით. ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველას, ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ. ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ. ვერც ელისაშვილი და ვერც ეს თქვენი ზედმეტი ყვირილი იმ გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული. ბოდიშის მოხდა არის კარგი საქციელი, მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ, ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ. ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.