რესტორან "ბაბილოსთან" განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილის თქმით, გუშინ აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

"სასამართლოზე გაუგონარი ზეწოლა და ბულინგი იმის კარგი ლუსტრაციაა, თუ როგორი ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან გვაქვს საქმე იმ პროტესტანტების ნაწილის სახით, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი აზრი და ტყუილი მოახვიოს საზოგადოებას თავს. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ამაზრზენი საყურებელი, ეს არ იყო პროტესტის, ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, ზეწოლა მოეხდინათ სასამართლოზე და ამით გამოეწვიათ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება შემდგომში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ამ დრომდე, რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 პირი ადმინისტრაციული წესით აიყვანეს.

რესტორანში მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

საბოლოოდ, მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის დახმარებით დატოვეს. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები და იყო კვერცხების სროლა.