იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში, საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ, წლებია, სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს, ასევე სასამართლოს. ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კეზერაშვილი წერს, მისი და მისი ოჯახის დევნა, 12 წელზე მეტია, მიმდინარეობს.
„ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას, მინდა, ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ, წლებია, სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს, ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემს სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული.
ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნა, 12 წელზე მეტია, გრძელდება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გომელაურის კრიმინალური დაჯგუფება უკეთებს საქართველოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საქართველოში დაშინებას და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს“, – აცხადებს დავით კეზერაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.