დღეს საჯარო სივრცეში ყველაზე ყოჩაღი საპარლამენტო ოპოზიცია იყო. საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს საჯარო სივრცეში ყველაზე ყოჩაღი იყო საპარლამენტო ოპოზიცია. ლომის წილი იმ გადაწყვეტილებაში, რომ ფარცხალაძე პრაქტიკულად საქართველოს მოქალაქე აღარ არის, რომელიც მას უკანონოდ ჰქონდა შენარჩუნებული, რაც რუსეთის მოქალაქე გახდა, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციას ქალებსაც, კაცებსაც აქვთ. ქალებს სრული შემადგენლობით, კაცების საკმაო ნაწილს.
გარდა ამისა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო ძალიან ადეკვატური. ამას მოჰყვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების, ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა და ა.შ. მოკლედ, ყველაფერმა ამან ერთად დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლება, რომ რუსული კანონის არ იყოს, ახლაც უკან უნდა დაიხიოს. სხვა რამეა, ინტელექტის ნაკლებობას რომ განიცდის. აშკარად ინტელექტუალური შეცდომა მოუვიდათ მაშინაც და ახლაც იმიტომ, რომ პრაქტიკულად, საპროტესტო ძალების მობილიზება მოახდინეს როგორც პოლიტიკური ძალების, ისე არასამთავრობო სექტორის, მედიის ქვეყნის შიგნითა და გარეთ“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.
კითხვაზე, რატომ უღირს თვითდაზიანების ფასად ხელისუფლებას ერთი ოთარ ფარცხალაძე,დავით ბერძენიშვილმა უპასუხა: „უტვინობის ამბავია“.
„როგორც ჩანს, აქვთ შიში, რომ სხვა ხელისუფალნიც აღმოჩნდნენ სანქციების ქვეშ. ახლა მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, თურნავას ბრძანების გაუქმება. საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.