უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნას თუ არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი, რაც რჩება, საერთაშორისო სანქციებია.
„მგონი, საერთაშორისო სანქციები, ერთადერთი მეთოდი იქნება გამოყენებული საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ“, – განაცხადა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
იგი ასევე გამოეხმაურა რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას და აღნიშნა, რომ სანქციებმა უნდა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, შეცვალოს საკითხებისადმი დამოკიდებულება.
„სანქციები არის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონო ქმედებებთან, რომლებსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება და თავისთავად ცხადია, ამ სანქციებმა უნდა აიძულოს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება საკითხებისადმი. საერთაშორისო ურთიერთობებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული“, – განაცხადა დავით არახამიამ.
ამასთან, დავით არახამიამ აღნიშნა, რომ ქართველებმა მომავალ არჩევნებზე აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება.
„მე მგონია, რომ ქართველებმა უნდა მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება არჩევნებზე, რომელიც მოდის. აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება და ეს უკვე რადიკალურად შეცვლის სიტუაციას, რადგან მთელი დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, თავისთავად ცხადია, რომ იძლევა გარკვეულ იმედს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. წარმოდგენა არ მაქვს, ასეთ წინააღმდეგობას რატომ უწევს საქართველოს ხელისუფლება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენი მხრიდან ისმის. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ მათი დარჩენა ხელისუფლებაში შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი ომი თავისთავად ცხადია, რომ წარმატებით დამთავრდება. რუსეთს არ ექნება დიდი არჩევანი იმისა, რომ გააგრძელოს იგივე პოლიტიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ვიცით, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსია და ესეც მოსაგვარებელია. ეს უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ საქართველოში“, – განაცხადა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.