„საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა, მათ შორის, მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს, და ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩვენ, ყველამ – ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა, ამ ისტორიის, ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ზიდონ, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენია დამდგარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი.
ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებაზე, ვინაიდან ეს სახელმწიფო იმყოფება ომში და ამის შესახებ ადრეც ვთქვით. რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოიტანოს, ვინც უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც უნდა იყოს ეს, ვინც უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება, და სწორედ ევროპული და დასავლური სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა განცხადება, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არცერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და, შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას საჯაროდ აწამებდა და კლავდა