ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება. პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა. მოუწოდონ მას, მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებისკენ და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება. და ბოლოს, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიო, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში სასჯელის აღსრულებით არის გამოხატული" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.