განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლით სხდომაზე ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე იმსჯელეს. კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს, მარნეულში, სსიპ კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საკითხის წარდგენისას საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საინტერესო მიგნებამდე მივიდა ჯგუფი, რომელსაც ბაია კვიციანი ხელმძღვანელობდა. დღეს ჩვენ მოვისმენთ სხვადასხვა უწყებისადმი გაცემული იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელთა შესრულებამ ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ასევე მოვისმენთ თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კიდევ უფრო მაღალი ხარისხით და სტანდარტით, უფრო მეტი აქტიურობით უზრუნველვყოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ინფორმაცია შეკრებილ საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა მიაწოდა.
„კომიტეტის გაცხადებული პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობა და სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა ამ თემატური მოკვლევის ინიციირება“, - განაცხადა ბაია კვიციანმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ეტაპს და ვინაიდან ვადები გაწერილია ერთიდან ხუთ წლამდე, ბუნებრივია, ყველა რეკომენდაცია დღეისთვის შესრულებული ვერ იქნება, შესაბამისად, მათი მონიტორინგი ყოველწლიურად განხორციელდება.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოკვლევა ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.