ჩვენი ყველა მოლაპარაკება შეწყდა ევროატლანტიკური გაწევრიანების მიმართულებით, სანქცირებულ ხელისუფლებასთან არავინ აწარმოებს მოლაპარაკებას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ქვედა რგოლი ვერ იქნებოდა სათავეებში, ასე რომ ვიცით ვინც არიან სანქცირებულები. აქ გვარებსაც მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, ცხადია, ესენი არიან „ქართული ოცნების“ წამყვანი ძალა. ეს არის გზავნილი, რომ მისი 30 წამყვანი პირი, არასასურველი პირები არიან აშშ-თვის. ესაა მთავარი გზავნილი და ამით ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი. იმაზე კი აღარაა საუბარი, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება, ჩვენი ყველა მოლაპარაკება შეწყდა ევროატლანტიკური გაწევრიანების მიმართულებით. სანქცირებულ ხელისუფლებასთან არავინ აწარმოებს მოლაპარაკებას.
როდესაც ქვეყანას ჰყავს აშშ-ის მხრიდან სანქცირებული ხელისუფლება, ეს არის ძალიან ნეგატიური, უკიდურესად უარყოფითი გზავნილი გარესამყაროსთვის. ისეთი სისწრაფით მიექანებიან უფსკრულში, რომ ახლა ამათი გამჩერებელი არავინ არ არის. წავიდნენ იქ, სადაც მიდიან, მაგრამ ეს ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, რომ ახლა სასწორზეა შეგდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. არავის არ აქვს უფლება, რომ იყოს ინერტული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.