"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს.
"შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ მშობლიურ რაჭაში, სადაც ჩემი დანიელი მეგობრების ფონდი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებდა - რუსული კანონის მიღების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა.
აღნიშნულ ფონდს წლების წინ ვხელმძღვანელობდი და მახსოვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც რეგიონის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წასვლამ იძულებული გამხადა დამესრულებინა ფონდთან საქმიანი ურთიერთობა.
ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონის მიხედვით კი დღეს, აღნიშნული ფონდი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება.
ეს არის რუსული კანონის შედეგი, რითაც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.
მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით, აუცილებლად შეიცვლება ეს რუსული რეჟიმი და ეს კანონი. აუცილებლად გაგრძელდება დაფინანსება და განვითარება ყველა იმპროექტის, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება." - ნათქვამია ბადრი ჯაფარიძის გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, კლინიკის პროექტის შეჩერებაზე ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ფონდი „ფეა თრიიზის“ განცხადებას, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერების შესახებ.
გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. შესაბამისად, კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი ტყუილი და იაფფასიანი სპეკულაციაა. ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. სამწუხაროა, როდესაც ცალკეული სუბიექტები, პოლიტიკური ამბიციების გამო, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების მიზანმიმართული ხელშეშლითა და საბოტაჟით ცდილობენ, ხელოვნურად გამოიწვიონ მოქალაქეების უკმაყოფილება და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. გადაწყვეტილება დაუკავშირონ პარლამენტის მიერ კანონის მიღებას უკიდურესად სპეკულაციურია, რადგან მსგავსი პროგრამების დაფინანსება და მათი გასაჯაროება მხოლოდ წაახალისებს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.
სახელმწიფო ყოველთვის ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება.” - აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.