შეერთებულმა შტატებმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად განხორციელდა სანქციების პირველი ტალღა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენლის მიმართ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მათ მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანას დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში აქცევს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის 80 %- ის ნებას, რადგან გამორიცხავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის დისკრიმინაციისკენ მიმართული კანონი და არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ამ კანონის ინიციატორებმა და პოლიციის იმ მაღალჩინოსნებმა, რომელთა მითითებითაც სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, პასუხი უნდა აგონ და ამიტომაც დაუწესდათ მათ სანქციები. მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს", – წერს ბადრი ჯაფარიძე.