„ოცნება“ თვალთმაქცობით ცდილობს ფონს გავიდეს, ვითომ რაიმე ძალისხმევას ეწევა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ქვეყანას უკვე ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი, რომ მიეღო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, რომ ჩვენ ვიყოთ ამ ტრიოს ნაწილი - ეს არის ჩვენი სურვილი. ლელოს ამოცანა არის ის, რომ დაუბრუნდეს საქართველო ტრიოს, იმიტომ, რომ რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, არამარტო გამოგვთიშა ამ ტრიოდან, არამედ ჩვენი ქვეყანა ჩამოწია უკან და გამოთიშა ამ უმნიშვნელოვანესი ტრიოდან.
„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ დღეისათვის არ შეასრულა რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი და თვალთმაქცობით ცდილობს, რომ ფონს გავიდეს იმით, რომ ხალხს მოაჩვენოს თავი, რომ ვითომ რაიმე ძალისხმევას ეწევა იმისათვის, რომ ქვეყანამ გარდაუვალად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ამოცანა იყო, არის და დარჩება, რომ ქვეყანამ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე და დღეს ამ გზაზე ჩვენი შეფერხება არის რუსული ინტერესების გამტარებელი „ქართული ოცნება“.