სამწუხაროდ, დღეს მიხეილ სააკაშვილი ოთხ კედელშია მოთავსებული, შესაბამისად, ენმ-ში ბევრი ისეთი საკითხია, რაც სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილამდე არც მივა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„თუ კი ჩვენ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გვინდა, რადგან არ ვეგუებით იმ საბჭოთა მმართველობას, რომელსაც ის გვთავაზობს, ფარდის უკან დგას, აბსოლუტურად ყველაფერია დაქვემდებარებული მის სახელსა და გვარს, და შესაბამისად არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას, ეს არის ერთი მოცემულობა. რას ვთავაზობთ განსხვავებულს „ნაციონალური მოძრაობიდან“? ანუ ვხედავთ რომ დღეს გვყავს პარტიის მენეჯმენტი, რომელიც დამოუკიდებლად ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სამწუხაროდ, დღეს მიხეილ სააკაშვილი ოთხ კედელშია მოთავსებული, შესაბამისად, ის რაც ხდება პარტიაში... რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი საკითხია, რაც სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილამდე არც მივა, ეს ბუნებრივია. მიხეილ სააკაშვილს, რომ არავინ მართავს, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იმ ჯგუფს, რომელიც დღეს არის წინა ხაზზე, და რომელიც წარმოადგენს მენეჯმენტს, სიმაღლის მიხედვით რომ დალაგდებიან აეროპორტებში და სადღაც რომ მიდიან, ვინ იჯერებს ამას? მაშინ თავი უნდა მოვიტყუოთ და ვთქვათ, არაფერი პრობლემა არ არის, დავდგებით ერთად, რაღაც ფასადური ერთობა გვექნება და დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი და ზოგადად საქართველოს მოქალაქეები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ყველაფერს დავაჯერებთ, არა არის ეს ასე“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.