მარტო ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ხვალვე გავაკეთებდი ახალ პოლიტიკურ პარტიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს, თუნდაც, 7-ში ვინც იყო მოსული, მცირე როლი არ აქვთ ამ მოცემულობაში“, – განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გუნდის ამოცანა არასდროს ყოფილა „ნაციონალურ მოძრაობაში“ რევანშისთვის მიბრუნება.

„არავინ ფიქრობს იმაზე, სამდივნოში ვინ რა პოზიციას დაიკავებს ხვალ-ზეგ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024-ში „ქართულმა ოცნებამ“ გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ჩვენ, ყველას ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა დოლიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაიყოფა თუ არა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ასეთ მათემატიკაში შესვლა არ სურს, ამომრჩეველი ორად გაიყოფა, სამად, თუ როგორ.

„ერთს, რასაც ვხედავ, ამ კონფიგურაციაში თავს ვერ ხედავს. იმიტომ კი ვერ ხედავს, რომ მისასვლელ გზას ვერ ნახავს? უბრალოდ, ჩვენ შედეგს ვერ დავდებთ სხვანაირად და თუ გვინდა, შედეგი დავდოთ, ცოტა სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ. ამაშია საქმე და ამაშია მთავარი განსხვავება. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის მთავარი ფული ამ საქმეში. მთავარია, აჩვენო, რომ შენ აბსოლუტურად სუფთად და ღიად ხარ პოლიტიკაში“, – განაცხადა დოლიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ფლანგის კვიპროსში ვიზიტი და რა ჩამოიტანეს მათ კვიპროსიდან, დოლიძემ განაცხადა, რომ იცის მხოლოდ ის, რასაც მედიით ადევნა თვალი და არც არაფერი გაკვირვებია.

„ასეთი მოცემულობა გვაქვს პოლიტიკაში – ზოგი კვიპროსში გარბის და ზოგი ჭორვილაში. ვისაც არც იქით უნდა წასვლა და არც აქეთ, შეუძლიათ, მოგვაკითხონ ჩვენ, სარაჯიშვილის ქუჩაზე ვართ თბილისში“, – განაცხადა დოლიძემ.

შეკითხვაზე, რას ნიშნავდა გიორგი ვაშაძის შეყვანა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში და მასთან აფილირების მცდელობა იმის პარალელურად, როცა მას გეგმებს არ უმხელენ, რადგან ფაქტია, პაატა მანჯგალაძე ინფორმირებული არ იყო ლარნაკაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ ისინი ამას ვერავის დააბრალებენ, რადგან თამაშის ასეთ წესებს თვითონ მოაწერეს ხელი.

„ამიტომ, ხშირად იქნება ასეთი მდგომარეობა, როდესაც ვიღაც რაღაცას სხვისგან გაიგებს და ვიღაცას სადღაც არ დაპატიჟებენ ხოლმე. ან თანხმდები ამ თამაშის წესებს, ან არ თანხმდები, ხომ? ასე რომ, დღეს, ამასთან დაკავშირებით საუბარი ცოტა დაგვიანებულია, როდესაც ნაბიჯებია გადადგმული. მე მეტს ვერაფერს გეტყვით. პირდაპირ გეტყვით, ჩემი საზრუნავი საერთოდ არ არის და არც ვფიქრობ ამაზე“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.