ყველას გვმართებს გამოფხიზლება, მივმართავ ბათუმელებს, სირცხვილია ასე ცხოვრება, მზია თქვენ გიცავდათ და ისიც არ შეგიძლიათ, მოხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ, რამ გაგვხადა ასეთი გულგრილი, – ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

„ჩვენ, ვინც აქ ვდგავართ და ვინც ახლა სახლებშია, ყველას გვმართებს გამოფხიზლება. მზია თქვენ გიცავდათ და თქვენ ისიც არ შეგიძლიათ, მოხვიდეთ, დადგეთ ერთი საათი და მხარი დაუჭიროთ უსამართლობისთვის მებრძოლ ადამიანებს, მზია ამაღლობელის თავისუფლებას. მივმართავ ბათუმელებს, სირცხვილია ასე ცხოვრება, არ შეიძლება, ეს ბათუმის ტრადიციაში არ ყოფილა. ბათუმი პირველი აპროტესტებდა ღრმა საბჭოთა დროსაც კი. რა დაგვემართა? რით დაგვაშინა ასე ივანიშვილმა, რით მოგვისყიდა ან რამ გაგვხადა ასეთი გულგრილნი? ამ ფონზეც კი, უნდა გითხრათ, რომ მზიას და მისნაირების გმირობა მაინც ძალიან დიდი მუხტის მომცემია. ახლა ხომ უკვე საღამო ხანია, ბნელდება, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ საქართველოში გავათენებთ ევროპულობას, დემოკრატიულობას და ნორმალურობას, რისთვისაც მზია ამაღლობელი იბრძოდა და იბრძვის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.