„ქართული ოცნების“ წევრი, საქართველო-უკრაინის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში, ბროვარში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარში ვერტმფრენის გამანადგურებელი კატასტროფის გამო, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვების. ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. გამაგრდი, უკრაინა“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ტვიტერში“.
უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.