„პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიოტული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, საქმიანი ანგარიში წარადგინა, რამაც გარკვეული ადამიანების გაღიზიანება გამოიწვია ოპოზიციაში და პოლარიზებული ანგარიშიც კი დაარქვეს. ეს იყო მხოლოდ ის სიმართლე და რეალობა, რომლის გადაკეთებასაც ოპოზიცია და მის მიერ მართული მედიები ცდილობენ, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში. შალვა პაპუაშვილი კი ის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ და ეფექტურად დაუპირისპირდა დეზინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს.
არჩილ თალაკვაძემ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც სატელევიზიო დებატებს ითხოვდნენ.
მისი თქმით, სწორედ პარლამენტია დებატების ადგილი და პარლამენტის სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას ანტისახელმწიფოებრივი კანონების მიღების თაობაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მათ შეახსენა, რომ სწორედ ოპოზიცია აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ საქმეებს. „
თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც მილიონი დოლარი გადაიხადეთ, რომ მსოფლიოსთვის მოგეყოლათ საქართველო რა ცუდი ქვეყანაა, რა ანტიევროპული ხელისუფლება ჰყავს და როგორ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. როგორ ბედავთ, რომ პრორუსულ ხელისუფლებად მოიხსენიებთ დღევანდელ ხელისუფლებას. თქვენ ხართ რუსეთზე შეყვარებული პოლიტიკოსები. საქართველოში რაც კარგი ხდება, ევროინტეგრაციის პროცესი, კანდიდატის სტატუსის მიღება, რეფორმები, ინფრასტრუქტურის განახლება, სტრასბურგში საქართველოს საქმის მოგება და სხვა, ამ ყველაფერს თქვენ რუსეთს მიაწერთ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას დაუძახოთ პრორუსული. ვინც ამ განცხადებებს აკეთებთ, სწორედ თქვენ ხართ რუსეთზე შეყვარებული ოპოზიციონერები“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დეპოლარიზაციის კუთხით გამოთქმულ კრიტიკაზე. მისი თქმით შალვა პაპუაშვილმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარეა, ყველა ფორმატი შექმნა, რომ ოპოზიცია ჩართულიყო რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესებში. მაგრამ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა.
„ციხეში შეშვებაზე რომ საუბრობთ, თქვენს ლიდერს ყოველდღიურად უამრავი მნახველი რომ მისდიოდა, ათასობით პატიმარს კი არ ჰქონდა ამის საშუალება, რატომ ამაზე არ ამოიღეთ ხმა. კონსტიტუციის დარღვევაზე რომ საუბრობთ, და ამბობთ სამინისტროდან წერილის დაგვიანება კონსტიტუციის დარღვევააო, საკონსტიტუციო სასამართლომ რომ თქვა კონსტიტუცია დაირღვაო, მაშინ სად იყავით, ხმა რატომ არ ამოიღეთ. ეს არის თქვენი სამართალი!
არ შეგიძლიათ რეალობას თვალი გაუსწოროთ, არ შეგიძლიათ არჩევნების შედეგები აღიაროთ, ამ მიდგომების გამო ხართ იმ მდგომარეობაში რომელშიც ხართ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა პარლამენტის შიდა სტრუქტურულ და საორგანიზაციო საკითხებზე და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონოდათ უკეთესი წვდომა პარლამენტის სერვისებზე, საპარლამენტო სივრცეზე, რომ მაუწყებლობა და მედიადაფარვა მშვიდ და საქმიან გარემოში წარმართულიყო. მისი თქმით, ახლა ბევრად უფრო ხშირად და მეტადაა გამოყენებული თავისუფალი ტრიბუნა, დებატები, მინისტრის საათი თუ სხვა. „რომ არაფერი ვთქვათ იმ დროზე, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე უთმობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან შეხვედრებს და პროექტების განხილვებს, რომ საერთო აზრი მართლაც იყოს მიღწეული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.