პრეზიდენტის სასახლეში, როდესაც დახურული კონსულტაციები მიმდინარეობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გარედან შესძახეს - ან სააკაშვილი შეიწყალე ან იმპიჩმენტიო. როგორც ჩანს, რადგან იმპიჩმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა, გარკვეული პოლიტიკური დავალიანება აქვს სალომე ზურაბიშვილს მათთან, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ბოლომდე მოსთხოვონ შეწყალება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სააკაშვილის შეწყალების საქმეზე მუდმივად მიდის საუბარი, რომ საზოგადოებას ეს თემა შეაჩვიონ. 100 ათასობით ადამიანს, ვინც იყო დაპატიმრებული, გაკულაკებული აჩვევენ, რომ შეიძლება ვიღაცამ სააკაშვილი შეიწყალოს, გარეთ გამოვიდეს და პოლიტიკაში დაბრუნდეს. აშკარაა, რომ მიდის სააკაშვილის შეწყალების თემის დამუშავება, რომ საზოგადოების ყური შეწყალებას შეაჩვიონ.
სააკაშვილი უკრაინაში შეწყალებულზე უკეთეს პოზიციაში იყო და ბოლოს მივიდა იქამდე, რომ კონტეინერში დაიმალა და კონტეინერით დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, "სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეში" ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროცესს დისტანციურად დაესწრო, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა: სალომე ზურაბიშვილს ერთი ხელის მოწერით შეუძლია დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა - აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში