ამ ოპოზიციამ უკვე რვა არჩევნებში მოსინჯა გაერთიანებაც, შუაში, მარცხნივ და მარჯვნივ დადგომაც, ყველა ჯერზე წააგეს არჩევნები, თან ისე, რომ დამკვირვებლებმა თქვეს, ეს იყო კონკურენტული და ყველა წესის დაცვით ჩატარებული არჩევნებიო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ბოლოს და ბოლოს ოპოზიციაში ვინმე ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ შუაში თუ გვერდით დგომით არ ხდება საზოგადოების ნდობის მოპოვება. საზოგადოების ნდობის მოპოვება პირველ რიგში ხდება პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, იმით, რომ რაშიც სხვას აკრიტიკებ, იმას შენ არ აკეთებ, ადამიანი მხარს რომ დაგიჭერს, ზურგი არ უნდა შეაქციო და მოატყუო, რომ ოპოზიციაში ყოფნა აღარ გინდა, პარლამენტში მუშაობა აღარ გინდა. მალე მოვა საპარლამენტო არჩევნებიც და დაინახავთ, რა იქნება ჩვენი საზოგადოების შეფასება. ჩვენ შეგვიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს ექნება კიდევ ერთი დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. ნამდვილად გვჭირდება ხელისუფლებას საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია, მტკიცებულებებით, არგუმენტებით შემოვიდეს დებატებში, შეუძლია სხდომებზე დასწრება ბოლომდე და რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული ინტერესების გარშემოც მიიღოს გადაწყვეტილებები და არა პარტიული ინტერესებით. საჭიროა სულ სხვა გააზრება, რას ნიშნავს საპარლამენტო ოპოზიციაში ყოფნა“, – განაცხადა თალაკვაძემ.