„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო უკვე დაემსგავსა ბირჟას, სადაც ხდება აქციების გადანაწილება და ვაჭრობა. წინა პერიოდში აქციების 95 პროცენტი შეიძინა ხაბეიშვილის ჯგუფმა, ახლა ეს აქციები გამოისყიდა ისევ სააკაშვილის ჯგუფმა და აქციების მცირე ნაწილი რჩება ბირჟაზე მელიას ჯგუფს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, გრძელდება პროცესი, რაც არის ვაჭრობა გაკოტრების რეჟიმში და 2024 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ მოიმკის იმას, რაც დათესა.
„ამ პარტიის შემთხვევაში სხვას არც ელოდა საზოგადოება, რადგან არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის პროგრამა და ლიდერებიც კი გარედან, სხვა პარტიებიდან მოიწვეს, რომლებმაც როგორმე „ნაციონალური მიძრაობა“ უნდა მიიყვანონ არჩევნებთან. თუმცა ასეთ ფორმაში, როგორც ისინი დღეს არიან, საკუთარი, ტრადიციული მხარდამჭერებიც კი ბევრი არ მისცემს ხმას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პოლიტიკური სერიალი. როდესაც მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, ხაბეიშვილსაც გადააყენებს სხვა ადამიანი და იმ სხვა ადამიანსაც გადააყენებენ, ვიდრე არჩევნები დადგება. არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, აუცილებლად იქნება იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც 2024 წლის არჩევნებში პასუხისმგებლობას აიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხზე, მაგრამ ამ სერიალს კრავს ერთი მთავარი ამბავი, რომ მიხეილ სააკაშვილს და თავის გარემოცვას რეალურად არ სურთ, პარტია დალაგდეს. არ სურთ, პარტიაში იყოს ადამიანი, ვინც გააერთიანებს, არ სურთ, რომ პარტიაში ვინმემ გაბედოს და თავის თავს დაარქვას ლიდერი. ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია და დღესაც იმ ერთ კაცს, რომელიც პატიმრობაშია, სჭირდება, რომ ეს სტატუსი შეინარჩუნოს. ამიტომ დალაგების ნაცვლად, ყველა აკეთებს საქმეს, რომელიც რეალურად პარტიის დაშლას იწვევს და ეს პროცესი მალე დასრულდება. დღეს, არჩევნებამდეც უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში აღარ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, მათ ერთი სახელი აკავშირებთ, მაგრამ შიგნით არის უამრავი ჯგუფი და ორი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ვინც ერთმანეთს ენდობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.