ყველანი ვთანხმდებით და ეს საკამათოც არ არის, რომ ინფორმირებული საზოგადოება, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.
„მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სჭირდება და არ დააზიანებს არცერთ ორგანიზაციას, ვინც ნამდვილად ემსახურება ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას. რასაკვირველია, ყველანი ვთანხმდებით და ეს საკამათოც არ არის, რომ ინფორმირებული საზოგადოება, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა თალაკვაძემ.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.