პასუხისმგებლობა ნებისმიერი ნარკოტიკის რეალიზაციისთვის იქნება უმკაცრესი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით.

„ადამიანი, რომელიც გაასაღებს ანუ მატერიალურ სარგებელს, თანხას მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით. ვინც კი გაბედავს, რომ ნებისმიერი ფორმით რეალიზაციას შეუწყოს ხელი, გაყიდვას შეუწყოს ხელი ან ხელი დააფაროს, ამ ადამიანების მიმართ კანონმდებელიც, მათ შორის, პოლიციელიც, პროკურორიც და მთლიანად სახელმწიფო, უმკაცრესი იქნება. ფიგურულად რომ ვთქვათ, პირდაპირ ძირში დაეჭრებათ ის ხელები, რომლითაც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკორეალიზაციას შეუწყონ ხელი“, - განაცხადა გორდულაძემ.

სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.