იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, დამკვიდრდა თითოეული მსჯავრდებულის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და ა.შ.

„სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდმა 2015 წელს მიიღო არასრულწლოვანთა კოდექსი, რომელმაც ახალ საფეხურზე აიყვანა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში. გახსოვთ, რომ 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა 12 წლამდე დაწია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სასჯელის მოდიფიცირება ხდებოდა ჯარიმის ფორმით. ჯარიმას ბავშვი ვერ იხდიდა და, შესაბამისად, ეკისრებოდა მშობელს. ასეთი მიდგომები სრულად გადაიხედა და რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და აღდგენით მართლმსაჯულებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“,‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.