"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის უფრო მეტი ავტორიტეტი ამ პარტიაში აღმოჩნდა ნიკა მელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ამ ადამიანებს არ სცოდნიათ ვის პარტიაში იყვნენ - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის დეპუტატების წასვლას.
მისი თქმით, ეს ადამიანები პარტიიდან ბოლო 1 წელია ისედაც წასულები იყვნენ, არ ემორჩილებოდნენ პარტიის გადაწყვეტილებებს და დღეს წასვლა ოფიციალურად გააფორმეს.
"ძალიან ვწუხვარ ასევე, რომ მათთვის არაფერს არ ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის საჯარო მოწოდებები და მათ შორის, პირადი მოწოდებები და პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან და არაფერს არ ნიშნავდა ის, რომ ციხეში მჯდომ პრეზიდენტს არაერთხელ უკეთებია მათ შორის განცხადება იმაზე, რომ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენს თვითონ, არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს." - თქვა ანა წითლიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" 14-მა დეპუტატმა და აპარატის სამმა თანამშრომელმა დღეს პარტია დატოვა.