ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება, კინკლაობა არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რაც გველოდება წინ. წინ გველოდება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და უმნიშვნელოვანესი 2024 წლის არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თუ კიდევ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მაშინ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა აღარ ექნებათ და „უკან მორჩებათ ნებისმიერი უთანხმოება“.

„რაც შეეხება ნიკა მელიას, ვნახე მისი ფეისბუქპოსტი, არ მგონია, რომ მისი გარჩევები და პოზიციები მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, გავერკვეთ, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს და როცა ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება, ერთმანეთის არმოწონება და კინკლაობა არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რაც გველოდება წინ. წინ გველოდება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და უმნიშვნელოვანესი 2024 წლის არჩევნები. 2024 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თუ კიდევ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მაშინ, დამიჯერეთ, რომ მეც, ნიკა მელიასაც, ლევან ხაბეიშვილსაც და ჟურნალისტებს, ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა ნამდვილად არ გვექნება და უკან მორჩებათ ნებისმიერი უთანხმოება“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.